ყავის საიდუმლო



”ყავის საიდუმლო”
ავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.
ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ. ყავა ყველას ჩუქნის თავის განუმეორებელ გემოს და არომატს, გვანებივრებს ჯიშების და მომზადების მეთოდების მრავალფეროვნებით. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურია და ყოველთვის სასარგებლო არ არის. მკვლევარები უსასრულოდ კამათობენ ყავის სარგებლობა-ზიანის შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან.
ყავის ყველაზე აქტიური ელემენტია კოფეინი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორს. კოფეინის შემცველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია- ყავა, შოკოლადი, კაკაო, ჩაი და კიდევ 60-მდე მცენარე. მას იყენებენ მსუბუქ სასმელებში, როგორიცაა კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, მადის და სიმხნევის მოსამატებელ სამკურნალო პრეპარატებში, ასევე გაცივებისას, ბრონქული ასთმისას.
რაშია საიდუმლო?
რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია- ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ეს ეფექტი განპირობებულია ყავის ზემოქმედებით თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე. კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალის გამომუშავებას. ადრენალი იწვევს გულის მუშაობის აჩქარებას, ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად ენერგიის გაზრდას. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ადუნებს სასუნთქ გზებს, რაც აადვილებს სუნთქვას და კუნთების შეკუმშვას. ამგვარად ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას აქტიური მოქმედებებისთვის მთელი დღის განმავლობაში.ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ.
მომხრე: კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ.
წინააღმდეგ: ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას.
მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის.
წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება.
მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის.
წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით.
მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან.
წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს.
მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას.წინააღმდეგ: მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ნამდვილი დეპრესია.

No comments:

Post a Comment